Страницы

გაკვეთილის გეგმა N2

გაკვეთილის გეგმა
თემა: ძალადობა, როგორც სახელმწიფო პრობლემა არჩილ სულაკაურის მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლისა“ და რეზო ჭეიშვილის  ნოველა ,,სურათებიანი წიგნის“ მიხედვით.
ნინო გაბულდანი - წალენჯიხის რაიონის ჯვარის #2 საჯარო სკოლა
საგანი - ქართული ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი:   მე-6 კლასი.
ესგ-ს მისაღწევი მიზანი:
ქარ. VI. 12.   მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსაწავლე: 
·         მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);

ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის  მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
                                                             
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ავლენს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) საკუთარ დამოკიდებულებას; ახერხებს მის ემოციურ შეფასებას შესაფერისად შერჩეული ლექსიკური და გრამატიკული საშუალებების გამოყენებით;
·         მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით წინასწარ ამზადებს და თხზავს სხვადასხვა ტიპის მიძღვნით ტექსტებს (ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით წარმოსათქმელ სიტყვას, მეგობრისადმი მიძღვნილ სახუმარო ტექსტს, შარჟსა და სხვ.);

მედიაწიგნიერება: გზავნილების შექმნისა და ინფორმაციის უტყუარობის დადგენის უნარების გამომუშავება.
წინარე ცოდნა:  მოსწავლეებმა იციან განსახილველი მხატვრული ტექსტები.

გაკვეთილის მიმდინარეობა:

აქტივობა  N1 (3 წთ.)

მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება, რა იციან ძალადობის  შესახებ და პასუხებს ჩამოწერს დაფაზე.



აქტივობა  N2 (7 წთ.)
საშინაო დავალების, მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლის“ გაგრძელების, პრეზენტაცია.
აქტივობა  N3 (20 წთ.)

კლასი იყოფა სამ ჯგუფად. თითოეულს ურიგდება ამონარიდი ბავშვის უფლებათა კონვენციიდან და ამავე დროს მასწავლებელი მოკლედ ესაუბრება მოსწავლეებს მის შესახებ (მასალა ამავე დროს ფლიფჩარტზეა წარმოდგენილი): 
,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.

Content from: http://kids.ge/articles/ბავშვის-უფლებათა-კონვენცია-ადაპტირებული
Kids.ge
ბავშვის უფლებათა კონვენცია
მუხლი 12
ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომელიც მას ეხება.

მუხლი 27.
1. ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის. მშობლები ვალდებულები არიან, შეუქმნან შვილებს ცხოვრების ნორმალური დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მათ ამაში.

მუხლი 29.
1. განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისაკენ. სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.
 წყარო: http://kids.ge/articles/%E1
ჯგუფებს ევალებათ, კონვენციის მუხლები კარგად გაიაზრონ და მიუსადაგონ მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლს“  და ნოველა  ,,სურათებიანი წიგნს“ . შემდეგ  გააკეთონ პრეზენტაცია.        
სავარაუდო პასუხები
მე-12 მუხლის თანახმად ,,ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომელიც მას ეხება“. თუმცა მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლის“ პერსონაჟი დაუცველია. მას იმისი უფლებაც კი წაართვეს , რომ ძაღლი იყოლიოს. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მოძალადე სახელმწიფოა.
27-ე მუხლის თანახმად კი მშობელი ვალდებულია შვილს შეუქმნას ნორმალური განვითარების პირობები. სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს. ლიტერატურულ ნაწარმოებებში: ,,ბიჭი და ძაღლი“ და ,,სურათებიანი წიგნი“ კი არ ჩანს არც მშობლის როლი და არც - სახელმწიფოსი.
29-ე მუხლში ყურადღება გამახვილებულია განათლებაზე, თუმცა, ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟებს არ ეტყობათ სკოლის პოზიტიური ზეგავლენა, მოზარდთა განათლებაზე არც სახელმწიფოს ზრუნვა ჩანს. გამონაკლისია ,,სურათებიანი წიგნის“ პერსონაჟი.
აქტივობა 4. (15 წთ.)

მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს იმ ეპოქაზე, როცა შეიქმნა მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი“ და ნოველა ,,სურათებიანი წიგნი“, კერძოდ, მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის ბატონობის წლებზე. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაშინ არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფო, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ილახებოდა ადამიანთა უფლებები. ძალადობის წამქეზებელი თავად სახელმწიფო იყო.  
მასწავლებელი ასევე შეახსენებს მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნის თარიღს (1989 წლის 20 ნოემბერი). მისი მიზანი  ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებაა.
დავალებები
მასწავლებლის საუბრის შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ, მოძებნონ ტექსტებში ძალადობრივი სახელმწიფოს ნიშნები და ისაუბრონ იმაზე, რამდენად საჭირო იყო ბავშვთა უფლებების კონვენციის შექმნა.
სავარაუდო პასუხები
მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლში“ ძალადობრივ სახელმწიფოს წარმოადგენს მუკო. ბიჭს არავინ ექომაგება. მის უფლებებს ლახავს ყველა.
ნოველა ,,სურათებიან წიგნში“ ძალადობრივ გარემოზე საუბრობს თავად მთავარი პერსონაჟი. ის აღნიშნავს, რომ ყველას თვისებაა ძალადობა.
აქტივობა 5. (5 წთ.)
ვიდეო რგოლის ჩვენება ბულინგზე
აქტივობა 6. (20 წთ.)

მოსწავლეები კვლავ იყოფიან სამ ჯგუფად და ევალებათ, შექმნან პლაკატი, რომლითაც გამოექომაგებიან ძალადობის მსხვერპლ პერსონაჟს მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლიდან“. შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას.
აქტივობა 7. (5 წთ.)
უკუკავშირისთვის გამოვიყენებთ აქტივობას ,,ცნობიერების გვირაბი“.  მოსწავლეები დადგებიან ორრიგად, ერთმანეთის პირისპირ. შუაში ჩამოივლის მასწავლებელი, რომელიც ცხოველთა დამცველებისთვის იქნება ძაღლი, ბავშვის უფლებათა დამცველებისთვის - ბიჭი. თითოეულ მოსწავლეს ევალება სიტყვიერად მსხვერპლის გაძლიერება.
აქტივობა 8. (5 წთ.)
საშინაო დავალება:  როგორ დავძლიოთ ძალადობა?


აქტივობა 9. (5 წთ.)
შეფასება - განმავითარებელი შეფასება რუბრიკის გამოყენებით.

 პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


 ფასდება აქტივობები

 დაბალი

 საშუალო

 მაღალი



 თემის გასაგებად წარმოდგენა

 ვერ წარმოადგენს თემას გასაგებად

 წარმოადგენს თემას გასაგებად, მაგრამ არაარგუმენტირებულად

 წარმოადგენს თემას გასაგებად, ამყარებს არგუმენტებით

 ინფორმაციის ფლობის უნარი

 ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა

 ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა

 ფლობს საჭირო ინფორმაციას, ამყარებს არგუმენტებით და დამაჯერებლად ასაბუთებს





ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

 კრიტერიუმები

 ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია

ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია

ჯგუფის მუშაობა წარმატებულია




 ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში


 ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში


 უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში


 ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში


 ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი


 კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს. არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს


 ხმაურობენ , ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს


 უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს







  გამოყენებული წყაროები: 
    1.           არჩილ სულაკაურის მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი“ , ქართული ენა და ლიტერატურა,
 მე-6 კლასი, ავტორი ვახტანგ როდონაია, 2011წ., გვ53-66;
   2.       რეზო ჭეიშვილის  ნოველა ,,სურათებიანი წიგნი“,  ქართული ენა და ლიტერატურა,
 მე-6 კლასი, ავტორი ვახტანგ როდონაია, 2011წ., გვ98-100;
   3.      ბავშვის უფლებათა კონვენცია, http://kids.ge/articles/ბავშვის-უფლებათა-კონვენცია-ადაპტირებული
   4.      ბულინგი, https://www.youtube.com/watch?v=cOBd3RR04Mo







x

2 комментария:

  1. ძალიან კარგი გეგმაა, დიდი მადლობა!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა თქვენ შეფასებისთვის!

      Удалить