ბოლო ხანებში ბევრს საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობაზე. ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ,,ჭირთა თქმა’’ აუცილებელია იმისათვის, რომ პრობლემის სათავე ვიპოვოთ და გამოსავალი მოვძებნოთ.
როცა რამე საჭირბოროტო საკითხზე ვფიქრობ (ეს ჩვევად მექცა), აუცილებლად ჩვენი მწერლობისაკენ გამირბის თვალი (ამაში პროფესიაც მეხმარება). იქ ვეძებ კითხვებზე პასუხს. ძალადობაზე ფიქრმაც მიბიძგა თვალი გადამევლო ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ სკოლაში შესასწავლ ნაწარმოებებზე.
ქართული ლიტერატურის პირველსავე ძეგლში, ,,შუშანიკის წამებაში", ვაწყდებით ოჯახში მიმდინარე კონფლიქტს. ეს კონფლიქტი, მართალია, სცდება ოჯახის ფარგლებს, მაგრამ თავად ვარსქენ პიტიახში ცდილობს ის შეფუთოს და წარმოადგინოს, როგორც ცოლ-ქმარს შორის მიმდინარე უთანხმოება. იგი არასოდეს ითხოვს შუშანიკ დედოფლისაგან ქრისტიანობის უარყოფას. შესაძლოა, ამას აშკარად ვერ ბედავდეს, თუმცა ქვეტექსტად იგულისხმება. შეგახსენებთ ვარსქენის დადებულ პირობას პეროზ მეფის წინაშე: ,,რომელი-იგი ბუნებით ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა შჯულსა, ვითარცა-ესე მე. ამას უქადებდა, რომელ-იგი არა აქუნდა ხელთა შუშანიკისაგან." პიტიახში აქცენტს აკეთებს მასზე, როგორც ურჩ ცოლზე, რომელმაც, ქმრის ნებართვის გარეშე, გაბედა და სასახლე დატოვა: ,,რაისა ხელიწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ : შენ ხატი დაამხუ, და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წასრულ-ხარ".პიტიახში სასულიერო პირებსაც თითის ქნევით ესაუბრება და ითხოვს მათგან ოჯახის ურყეობის შენარჩუნებას: ,,გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ მისგან?!" , - მიმართავს ის აფოც ეპისკოპოსს.
ვფიქრობთ, ,,შუშანიკის წამებაზე" საუბრისას აუცილებელია ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება. როგორც ტექსტიდან ჩანს, მეხუთე საუკუნის ქართლში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მსხვერპლს დაიცავს. ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ ქრისტიანული ეკლესიის წიაღში ყალიბდება აქტიური და მებრძოლი ქალის სახე. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, დედოფალი, რომელიც ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური წნეხის ქვეშაა, ბრძოლას არ წყვეტს. ის თვლის, რომ ქმართან ერთად წარწყმედას განყენება ჯობია. ,,ხოლო უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაი ჩემი მისგან", - აცხადებს წმინდა შუშანიკი. ამით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ გარშემო მყოფებს, რომ არჩევანი გააკეთონ დედოფალსა და ვარსქენს შორის.
ვინმე სპარსის მიერ დედოფლის მისამართით ნათქვამი: ,,დედათა ბუნებაი იწრო არს" უსუსურად გამოიყურება. ამისი არც ვარსქენს სჯერა, მაგრამ ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავისი ოთხი შვილის დედა ოჯახში გამოკეტოს, ნივთად აქციოს და ბინძურ პოლიტიკაში სათამაშო პაიკად გამოიყენოს. დედოფალი კი დედოფლობს. ამქვეყნად სამართლის ვერმპოვნელი იმქვეყნად ეძებს თანასწორობას: ,,განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისა". მავანი იკითხავს: მაშ, როგორ ავხსნათ პურობაზე შუშანიკის ნთქვამი: ,,ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური"? აქ ისევ კონტექსტის მოშველიება დაგვჭირდება. ტრადიციის უგულვებელყოფა ნაღალატევი ქმრისაგან დედოფალმა არ მიიღო. სხვა შემთხვევაში იქნებ მას ეს არც გაეპროტესტებინა.
და მაინც, მიუხედავად ქალისა და მამაკაცის უთანსწორობისა დედოფალი მეხუთე საუკუნეში ახერხებს საზოგადოების კონსოლიდაციას, საკუთარი თავის დაცვას. ამაში მას რწმენასთან ერთად შესაბამისი განათლებაც ეხმერება.
საინტერესოდ წარმოგვიდგენს რენესანსის ეპოქა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეას: ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია". რუსთაველმა აქ, დედამიწაზე, გადმოიტანა ის სივრცე, ,, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისა". გავითვალისწინოთ ისევ ,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნის დროინდელი ისტორიული კონტექსტი. იდგა ოქროს ხანა საქართველოს ისტორიაში. გვყავდა მეფე ქალი, რომელიც, მართალია, კანონდარღვევით ავიდა ტახტზე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ თავად შეექმნა ჰუმანური გარემო. მარტო თამარ მეფის მიერ ადამიანის სიკვდილით დასჯის გაუქმება რად ღირს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ქართველი ქალები აქტიურად ებმებოდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ( გავიხსენოთ ხვაშაკ ცოქალისა და კრავაი ჯაყელის ბრწყინვალე დიპლომატია).
Xll საუკუნის ქართველები ამაყობდნენ იმით, რასაც XlX საუკუნის ქართველობა მისტიროდა. ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს",- ნატრობდნენ ისინი, რადგან კარგად უწყოდნენ, როცა სახელმწიფო გაქვს, შესაბამისი ჰუმანური ინსტიტუტებით, რეალიზება შესაძლებელია.
შოთა რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანში" შთამბეჭდავად წარმოადგენს ორ განსხვავებულ სახელმწიფოს: არაბეთსა და ინდოეთს. არაბეთში სამეფო კარზე ფიქრობენ ადამიანთა მდგომარეობაზე. მეფე ქალი ცდილობს თავის სამეფოში მოტირალი არავინ ეგულებოდეს. როსტევან მეფე კი, რომლის სურვილიც იყო ქალიშვილის გამეფება, არ არის ერთპიროვნული მმართველი. ყველასთან აქვს კომუნიკაცია. მიუხედავად მაღალი სოციალური სტატუსისა, არ უჭირს ქვეშევრდომების აზრი გაითვალისწინოს. რასაც ვერ ვიტყვით ინდოეთის ავტორიტარ მმართველზე, ფარსადანზე. ფორმალურად მოწვეულ თათბირზე, რომელზეც ნესტანის გათხოვების საკითხი განიხილება, ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს და მას ხვარაზმშას ძეზე გათხოვებას გადაუწყვეტს. მამა ფსიქოლოგიურად ძალადობს ქალიშვილზე, ეწინააღმდეგება მის არჩევანს. ავტორიტარ მამას შეყვარებული წყვილი უპირისპირდება და წარმოიქმნება კონფლიქტი, რომელსაც ჩიხში შეჰყავს არამარტო ოჯახის წევრთა ურთიერთობა, არამედ მთელი სახელმწიფოს განვითარებაც.
ავტორიტარულ ინდოეთში დარღვეულ წონასწორობას, თინათინის მოწოდებით: ,,წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად", ავთანდილი აღადგენს, რომლის მისიის აღსრულებაზეც მთელი მისი ქვეყანა ლოცულობს. როგორ შვებით ამოისუნთქავს მკითხველი, როცა ავტორი შემართებით გვიცხადებს: ,,ნახეს, მზისა შესახვედრად გამოეშვა მთვარე გველსა".
გადმოვინაცვლოთ XlX საუკუნის 60-იან წლებში, როცა არც დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, არც მეფე გვყავს და ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. ასეთ დროს ხსნის მისია ილია ჭავჭავაძეს ეკისრება. ის თავის შემოქმედებაში დაუფარავდ საუბრობს ყველა იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ქართველობა დგას. მათგან უპირველესი სოციალური უსამართლობაა. ,,გლახის ნაამბობში’’ (მართალია, იგი, სამწუხაროდ, სკოლაში აღარ ისწავლება, მაგრამ ყოველთვის ვუთითებ მოსწავლეებს დამატებით საკითხავად) ვხვდებით სტიგმის მსხვერპლ ქალს, თამროს. V საუკუნის დარად XlX საუკუნეში კვლავ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მას დაიცავს. გაბროსა და თამროს შორის გაბროს ბატონი დათიკო დგება. მიუხედავად იმისა, რომ მან იცის ამ ორი ადამიანის სიყვარულის შესახებ, თავს უფლებას აძლევს თამროს ნამუსი ახადოს. გაბრო კი, ნაცვლად მსხვერპლის დაცვისა, ბატონზე შურისძიებას გადაწყვეტს. მსხვერპლის დაცვას ის სოციუმში გაბატონებული აზრის გამოც ვერ ახერხებს, სოციუმში, რომელიც თვლის, რომ გაუპატიურებულ ქალს არა აქვს ბედნიერების უფლება. ამ განწყობას ირეკლავს სწორედ თამროს სიტყვები: ,,მე ის თამრო აღარა ვარ". მსხვერპლი ქალი თვითგანადგურებისაკენ მიიქცევა, გამოსავალს ვერ პოულობს და საროსკიპოში ამოყოფს თავს. გაბროს, მოძღვრისაგან განათლებამიღებულს, სახარებითა და ,,ვეფხისტყაოსნით" განსწავლულს, უნდა შეეფარებინა ყველასაგან განწირული ქალი. ვფიქრობთ, ამიტომაც არ დაუშვა მწერალმა აღსარების შემდგომ იგი ქრისტიანისთვის ყველაზე დიდ სიწმინდეს, ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ზიარებოდა.
არც XX საუკუნის მწერლობა გვიხატავს სახარბიელო სურათს. არც ამ დროს გვაქვს სახელმწიფო. ისევ არ არსებობს მსხვერპლის დამცავი მექანიზმი. მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები" გავიხსენოთ. ამჯერად მარგო იქცევა ფსიქოლოგიური, სექსუალური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლად. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ იგი არაფერს აკეთებს გადარჩენისთვის. გათხოვებამდელი მარგო აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, საქველმოქმედო მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწინების შემდეგ ის უფუნქციო ხდება, არაფერი აინტერესებს საკუთარი კეთილდღეობის გარდა, თუმცა არც მის მოსაპოვებლად იბრძვის. ასეთი განწყობის ქალები უფრო მეტად იზიდავენ მსხვერპლზე მონადირეს. უფუნქციო თეიმურაზს მოძალადე ჯაყო ჩაენაცვლება. ხსნა არსად ჩანს. მწერალი იმითაც ამძაფრებს ცუდის მოლოდინს, რომ პატარა ჯაყო იბადება. ამით გვეუბნება, რომ მოძალადეები მრავლდებიან, შესაბამისად კვლავაც გვეყოლება მსხვერპლი, რომლის დაცვასაც არავინ ისურვებს.
როგორც განხილული ტექსტებიდან ჩანს, ძალადობა ის პრობლემაა, რომლის მოგვარებისთვისაც სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამისათვის მნიშვნელოვანია გადავხედოთ ჩვენს ,,ღირებულებებსა" და ,,ფასეულობებს" , ვუწამლოთ გაუნათლებლობასა და გამეფებულ სიბნელეს, შევქმნათ ჰუმანური გარემო, მაცხოვრის სწავლების შესაბამისად, მეორე ადამიანს მოვექცეთ ისე, როგორც გვინდა მოგვექცნენ ჩვენ. და ბოლოს, უფრო მძლავრად ავამოქმედოთ კანონი, რომელიც მსხვერპლს დაიცავს.
თავიდანვე ვთქვით, რომ დღეს ბევრს საუბრობენ ძალადობაზე. კვლავ ვიმეორებთ: ეს, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მეტი ქმედით ნაბიჯებია სჭირო, მეტი ძალისხმევა - იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით მოტირალი ადამიანები არ გვეგულებოდეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.იაკობ ხუცესი, ,,შუშანიკის წამება" , ქართული ენა და ლიტერატურა მე-10 კლასი. თ. ცხადაია, დ. კვანჭიანი, ნ. ღონღაძე, თ. ღონღაძე. ნ. კუცია, ნ. მაღლაკელიძე, თბ., 2012წ.
2.შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი", სასკოლო გამოცემა, თბ., 1986წ.
3.ილია ჭავჭავაძე, ,,გლახის ნაამბობი", ქართული პროზის საგანძური, ტ. 4, თბ., 2010წ.
4.მიხეილ ჯავახიშვილი, ,,ჯაყოს ხიზნები", +49, თბ., 2014წ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий