ძალადობა, როგორც განვითარების
შეფერხების
ერთ-ერთი ფაქტორი
დღევანდელი ჩვენი შეკრება
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეხება. აქედან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ
ჩემთვის უმთავრეს კონცეფციაზე: ბრძოლაზე ძალადობის წინააღმდეგ.
დავიწყებ სულ თავიდან,
ჩემი მასწავლებლობის დაწყებიდან. სკოლაში 24 წელია ვმუშაობ. ოცდაოთხი წელია ვცდილობ
მკაცრი მასწავლებლის სტერეოტიპის დანგრევას, რის გამოც ხშირად მაკრიტიკებდნენ და მაკრიტიკებენ
დღესაც. ვცდილობ მოსწავლის თვალით შევხედო საკუთარ თავს. რაც სულაც არ არის რთული.
ჩვენც ოდესღაც ხომ ვიყავით მოსწავლეები?! ეს მიდგომა მეხმარება, პრობლემების აღმოჩენასა და გააზრებაში.
მე პირადად მკაცრი მასწავლებლებისგან
ვერასოდეს ვერაფერი ვერ ვისწავლე. საბედნიეროდ, იყვნენ ისეთებიც სიყვარულით რომ შეძლეს
ჩემი აყოლიება. მე ვცდილობ მათი გზა გავაგრძელო, რომელშიც უპირეველესად მოიაზრება სკოლა
ძალადობის გარეშე.
ძალადობის წინააღმდეგ
გამართულ კამპანიას შევუერთდი 2015 წლიდან. ჯვარის სათემო განათლების ცენტრში განხორციელდა
პროექტი ,,გენდერი იწყება ჩემგან.’’ ამ პროექტის ფარგლებში ვიმუშავე ტრენერად. ტრენინგებს
ვუტარებდი ძირითადად მშობლებსა და მასწავლებლებს. ვფიქრობ, ამ ორი სეგმენტის თანამშრომლობა
ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრების უკეთ წარმართვისთვის. ტრენინგები ჩაუტარდათ
მოსწავლეებსაც. აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები.
აღნიშნულმა პროექტმა ბევრ
რამეზე დამაფიქრა. ფიქრმა იქამდე მიმიყვანა, რომ მენტორის პორტფოლიო ავაგე ძალადობის
თემაზე. მინდოდა ბავშვებისთვის, და არამარტო მათთვის, მეჩვენებინა როგორ აფერხებს ძალადობა
განვითარებას.
როცა რამე პრობლემას ვაწყდები,
მისი ნამდვილობის შემოწმებას მწერლობით ვცდილობ და დავიწყე ფიქრი მოძალადეებისა და
მსხვერპლთა სახეებზე ქართულ მწერლობაში. ასე დაიბადა სტატია ,,მოძალადე და მსხვერპლი
სკოლაში შესასწავლი რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით,” რომელიც ინტერნეტგაზეთ
,,მასწავლებელში” დაიბეჭდა.პირველსავე ლიტერატურულ ტექსტში გვხვდება ძალადობა ოჯახში.
ტექსტებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ძალადობა იყო, არის და იქნება ყველგან და ყოველთვის,
მაგრამ როცა გამართული სახელმწიფო არსებობს თავისი სამართლებრივი ინსტიტუტებით, მსხვერპლის
დაცვა შესაძლებელია. ამის ნათელი დასტურია ,,ვეფხისტყაოსანი”.
სტატიას მოჰყვა კვლევა
,,მოსწავლეების ინფორმირებულობის დონე ბულინგის თემაზე და მათი დამოკიდებულება
ამ საკითხისადმი.” კვლევამ
აჩვენა, რომ მოსწავლეები ძირითადად ფლობდნენ ინფორმაციას ბულინგზე, მაგრამ როლური თამაშის
დროს მოძალადის როლი უკეთ მოირგეს, ვიდრე - მსხვერპლის. ვფიქრობთ, ეს უკვე დამაფიქრებელია.
ბულინგზე მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს. საჭიროა, მუდმივად
ვქმნიდეთ ჰუმანურ სასწავლო გარემოს, ავტორიტარული აღზრდის სტილი როგორმე ჩავანაცვლოთ დემოკრატიულით.
ჩვენი საზოგადოება ტოტალიტარული რეჟიმის
პირმშოა და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ჯერ კიდევ ბატონობს ავტორიტარული აღზრდის
სტილი, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, პიროვნებას კლავს მოზარდში. მე-7 კლასში ჩატარებულ
სამოდელო გაკვეთილზე ,,ძალადობა ოჯახში, რევაზ
ინანიშვილის ,,ჩიტების გამომზამთრებლის“ მიხედვით” შევეცადეთ, მოსწავლეები დაგვეფიქრებინა
ამ მეტად პრობლემატურ საკითხზე. ამ გაკვეთილზევე ვაჩვენეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი
,,ზუზუ”. ,,ჩიტების გამომზამთრებელში” საბჭოთა პერიოდია წარმოდგენილი, ,,ზუზუ” თანამედროვეობას
აცოცხლებს. მოსწავლეებმა შეძლეს, ამოეცნოთ ,,ჩიტების გამომზამთრებელში” ავტორიტარული
აღზრდის სტილი, ხოლო ,,ზუზუში” - ავტორიტარულ-ინდიფერენტულის ნაზავი. ვისაუბრეთ დემოკრატიული
აღზრდის სტილზეც. მისი იდენთიფიცირება, ჩემი ფარული დაკვირვებით, პირად გამოცდილებასთან
ვერცერთმა ვერ შეძლო. იმედს ვიტოვებ, გაკვეთილი უკვალოდ არ ჩაივლის და მომავალში ჩემი
მოსწავლეები თვითონ შეძლებენ უკეთესი დედები და მამები იყვნენ.
მე-6 კლასში კი არჩილ სულაკაურის
,,ბიჭი და ძაღლი” და რეზო ჭეიშვილის ,,სურათებიანი წიგნი” განვიხილეთ. ეს ტექსტები
ბულინგის კლასიკური ილუსტრაციაა. ორივე იმ დროს შეიქმნა, როცა არა თუ საქართველოში,
მთელ მსოფლიოში ჯერაც არ არსებობდა ბავშვთა უფლებების დეკლარაცია. აღნიშნულ ლიტერატურულ
ტექსტებში კარგად ჩანს მოძალადე სახელმწიფო და კიდევ ისიც, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მსხვერპლიცა და მოძალადეც, დიდი ძალისხმევის ფასად,
ახერხებენ არსებული ბარიერების გადალახვას. მოსწავლეებმა მსხვერპლის დასაცავად გაკვეთილის
ბოლოს შექმნეს პლაკატები. მიზანი ამ აქტივობის ის გახლდათ, რომ მათ ესწავლათ დაჩაგრულის
გვერდით დგომა, მისი გამოქომაგება და დაცვა.
მე-11 კლასში ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე
ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაურისა და ოთარ ჭილაძის პოემის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში”
გამოყენებით შევეხეთ უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთობის პრობლემასაც. როდის
იჩენს ის თავს? მაშინ, როცა მიმღებლობა აკლია საზოგადოებას, სიახლეს ალღოს ვერ უღებს.
ასეთ შემთხვევაში უმცირესობაში მოხვედრილთ უწევთ მსხვერპლის გაღება, მაგრამ შატილი
მაინც კლდის ცით დახურული რჩება.
უკვე ძალადობის რამდენიმე სახეს შევეხეთ.
ვფიქრობთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებაზე ძალადობის თემაც. სავალალო მდგომარეობაშია
ჩვენი ტყეები, მდინარეები, ტბები. ამ პრობლემის
მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლებას. ის დაგვეხმარება გარემოსადმი მოსწავლეთა ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და მისი დაცვისა და აღდგენის პროცესში პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.
ლაო-ძი ,,დაო დე ძინში” ბრძანებს:
,,ვინც მძლავრებით ეუფლება სამყაროს - ვერ მიაღწევს საწადელს. სამყარო საიდუმლო ჭურჭელს
ჰგავს, შეხება მისი არ ეგების. ვინცა შეეხება, ხელყოფს მის თანხმობას, ვინცა დაეუფლება,
დაჰკარგავს მას.” ეს გაფრთხილება დღესაც ძალაში რჩება. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ
მომავალ თაობებს ეკოლოგიური ცნობიერება ჩამოვუყალიბოთ? ვაკეთებთ, მაგრამ ეს ძალიან
ცოტაა! მადლობა მინდა ვუთხრა ეკა წულუკიძეს იმის გამო, რომ მან არამარტო ბავშვები აიყოლია,
კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიაში ფაქტობრივად მთელი სოფელი ჩართო. ჩვენმა შვილებმა
კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მცენარის ერთი სახეობის გაქრობაც კი ეკოსისტემის ერთიანობას
ანგრევს, დედამიწას აღარიბებს. ,,ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა. წყალნი - ტყეს, ტყენი
- მდინარეთ, ყვავილნი -მიწას და მიწა - თავის აღზრდილთა მცენარეთ და მე ხომ ყველას
მონა ვარ პირზედ ოფლგადმომდინარე”, - აი, როგორია ვაჟას მიერ წარმოდგენილი ეკოსისტემა.
აქ ყველა ერთმანეთს სიყვარულით ემონება. მე-6 კლასში ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე
მისი ,,ია” და ,,მთის წყარო” განვიხილეთ. ბავშვებმა დაინახეს, რომ ადამიანს აკლია მადლიერების განცდა. ის მხოლოდ მომხმარებელია. არა აქვს ბუნების სიყვარული და მისადმი
შემოქმედებითი დამოკიდებულება, სწორედ ამისი გამოხატულებაა ჰესების თემაც ჩემს მშობლიურ კუთხეში, არადა ღმერთმა
,,ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა.” უთვალავი ფერით შექმნილი სამყაროს
მიყურადების ნიჭი აკლია თანამედროვე ადამიანს. ის ბუნებასთან ჰარმონიულად კი არ თანაარსებობს,
ძალადობს მასზე და, სამწუხაროდ, შედეგიც არ დააყოვნებს!
ახლახან სოციალურ ქსელში მომაწოდეს
ვიდეო. კანადელი მეცნიერი სუზან სიმარდი გვესაუბრება ტყეების მნიშვნელობაზე. ტყეში
ხეების თანაარსებობას ის სოციალურ ქსელში ადამიანთა ურთიერთობას ადარებს. სუზან სიმარდის
მოსაზრება საინტერესოდ მივიჩნიეთ და ამიტომ ქართულად გავახმოვანეთ, შემდეგ კი სოციალურ
ქსელში ჩემმა მოსწავლეებმა შექმნეს გვერდი ,,ქართულად გახმოვანებული ვიდეოები” და აქ
ატვირთეს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა. დღეს მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ.
თურმე რამდენი რამის სწავლა შეიძლება
ხეებისგან. სუზან სიმარდი თავის საუბარს ამთავრებს სიტყვებით:
,,ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, სამყარო უკეთესი გავხადოთ”. ჩვენი დღევანდელი შეკრების
მიზანიც ეს არის. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს! გმადლობთ ყურადღებისთვის!
5.05.2018წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий