ბავშვობადაკარგული პერსონაჟები და არამხოლოდ ისინი
მე-12 კლასში კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ სწავლების დროს ერთი თემა გამოვკვეთეთ: ბავშვობადაკარგული პერსონაჟები. შევეხეთ აღნიშნული ტექსტის ორ პერსონაჟს: გიორგი მეფესა და ფარსმან სპარსს.
კლასში გაიმართა დისკუსია. მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. მინდა, მათი ნააზრევი გადმოგცეთ.
ფარსმან სპარსის გულბოროტობა მოსწავლეებმა მის დაკარგულ ბავშვობას დაუკავშირეს. აღნიშნეს, რომ გამზრდელის შეგონება: „ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო“, – დღენიადაგ თან სდევს ფარსმანს. გორავს „თვითმოძრავი ჭური“, მაგრამ ვერ ცხოვრობს, ვერ პოულობს საკუთარ თავს ყველაფრის მცოდნე. სილაღისა და თავისუფლების განცდა, რომელიც ბავშვობაში ამოაჭრეს, ვეღარასოდეს აინაზღაურა. ამიტომაც სძულს თავისუფალი ადამიანები, მთელი სამყარო.
გიორგი მეფე კი მეფობით არის შეზღუდული. ჯერ კიდევ ბავშვს დაადგეს გვირგვინი, სათამაშოების ნაცვლად სკიპტრა შეაჩეჩეს ხელში. მასაც ჩასჩიჩინებდნენ: „მეფე ხარ და ხამს, მეფე ხარ და გმართებს“. გვირგვინის სიმძიმის ქვეშ გაისრისა გიორგის ბავშვობა. უჭირს მეფეს, აწუხებს, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი გამოატოვებინეს.
დისკუსიაში „სახარების“ მცოდნე მოსწავლე ერთვება და იხსენებს ყრმათა შესახებ მაცხოვრის ორ შეგონებას: 1. ვინც ერთ ამათგანს დააბრკოლებს, უმჯობესია წისქვილის ქვა ჩამოიკიდოს ქედზე და ზღვაში გადაეშვას; 2. თუ არ იქნებით ვითარცა ყრმანი, სასუფეველში ვერ შეხვალთ. იკვეთება აზრი, რომ სახარებისეული სწავლება ყრმობის ასაკს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აქ უნდა ჩაეყაროს საფუძველი ყველა საბაზისო ემოციას, უნარ-ჩვევას. ჯანსაღი ბავშვობიდან ამოზრდილი ადამიანი ახერხებს საკუთარი თავის შექმნას, სახარების ენაზე რომ ვთქვათ, „მეორედ შობას“. მისი წართმევით კი ბავშვი იმ საყრდენს კარგავს, რომელზეც მომავალი ცხოვრება უნდა დააშენოს. ამიტომაც ეკისრება უმძიმესი სასჯელი მას, ვინც ყრმას გზაზე გადაეღობება.
მოსწავლეები იხსენებენ სხვა ლიტერატურულ ტექსტებსაც. უპირველესად, ყურადღებას ამახვილებენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე „სარჩობელაზედ“, კერძოდ, მის ორ პერსონაჟზე – უმწეო ბავშვებზე, ბეჟანსა და მის ძმაზე. აღინიშნა, რომ პეტრეს სიკეთემ კი დააფიქრა ერთი მათგანი, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ დაკარგულ ბავშვობას არათუ საცოდავი პეტრე, ვერავინ დაუბრუნებდა. ან კი უსწავლელ პეტრეს როგორ უნდა შეეცვალა ყმაწვილების წინააღმდეგ ამოქმედებული მთელი სისტემა, რომელშიც მოიაზრება უპირველესად ოჯახი და მერე საზოგადოება?! ოჯახში მოზარდებზე ძალადობენ, საზოგადოება გულგრილია პრობლემის მიმართ. თვალსა და ხელს შუა მსხვერპლები მოძალადეებად იქცევიან, გაცემული აგრესია ბუმერანგივით ბრუნდება უკან. ამ ყველაფრის სათავე კი იქ არის, სადაც ბავშვობა დაიკარგა, ფეხქვეშ გაითელა, ხიდი ჩატყდა მოზარდებსა და საზოგადოებას შორის. იშვა დიდი სიძულვილი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. არ არსებობს სიკეთე, რომელიც მას განკურნავს. ამისი დასტურია მოთხრობის „სარჩობელაზედ“ პერსონაჟის სიტყვები: „მძულს ქვეყანა და ადამიანი… ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა… ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანას,მშვიდობით!“
მოსწავლეებმა ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდიც“ გაიხსენეს. აღნიშნეს, რომ პატარა დევიდი ადრეულ ბავშვობაში დედისა და პეგოტისაგან მიღებულმა სითბომ, ალერსმა გადაარჩინა. დიდი როლი შეასრულა პიროვნებად მის ჩამოყალიბებაში მამის დანატოვარმა წიგნებმაც. მისტერ მორდსტონის სისასტიკე დევიდ კოპერფილდს ვერ მოერია, ბავშვობა ვერ დააკარგვინა.
ვიხსენებთ ოთარ ჭილაძის ლექსს „ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის“. ავტორის თქმით:
„ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და თვითონ უნდა მიაბა იგი
მიწას, რომელზეც გინდა რომ მოკვდე,
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.
საქმე ისაა, როგორ მიაბამ,
როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,
რომ არ შეფასდეს მერე იაფად
შენივე ხელით შეკრული კვანძი.
როგორ მივაბი, არ მახსოვს კარგად,
მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე
და ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ,
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ“.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ლექსში კარგად ჩანს ბავშვობის შენარჩუნების მნიშვნელობა, რომ ამდენ ქარსა და წვიმას ვერ გავუძლებთ, თუ თოკის ბოლოს კარგად არ გამოვკვანძავთ იქ, შორეულ ბავშვობაში.
დისკუსია ლიტერატურის განხილვიდან რეალურ ცხოვრებაზე გადაინაცვლებს. მოსწავლეები ეხებიან ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს, მოზარდთა სისხლიან დაპირისპირებას. გამოვლენილი აგრესია გამაფრთხილებელ სიგნალს ჰგავს, რომელიც ღრმა კრიზისზე მიგვანიშნებს. კრიზისს სახელად ბავშვობის დაკარგვის საფრთხე დავარქვით და რაოდენ საშიშია ის მომავლისთვის, მოზარდებმა ლიტერატურული მასალის დახმარებით გააცნობიერეს.
Этот комментарий был удален администратором блога.
ОтветитьУдалить