იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ ორი ადგილის გააზრებისთვის |
ავტორი: ნინო გაბულდანი. (http://mastsavlebeli.ge/?p=4171) |
იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება" არაერთგზის შესწავლილი ტექსტია. განსაზღვრულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მისი სწავლებაც. მოსწავლეებს სირთულეს უქმნის: 1) ძველი ქართული ენის ლექსიკის გააზრება; 2) მისი გრამატიკული თავისებურებები.
ამჯერად გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ტექსტის ორი ადგილის გააზრებაზე. პრობლემები მე-10 კლასში ტექსტის სწავლების დროს გამოიკვეთა.
„წმ. შუშანიკის წამებაში" ვარსქენ პიტიახში ამბობს: „რაისა ხელიწიფა ჩემზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მოვედით და არქუთ, ვითარმედ: შენ ჩემი ხატი დაამხუ და საგებელსა ჩემსა ნაცარი გადაასხ და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წასრულ ხარ" (ქართული ენა და ლიტერატურა, X კლასი, გვ. 15). მოსწავლეებს უჭირთ მოცემულ წინადადებაში სიტყვა ხატის გააზრება. სასკოლო ქრესტომათიაში ის განიმარტება, როგორც „(აქ) კერა, ოჯახის ღირსება". დედოფალი ვარსქენს უპასუხებს: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამხუ!" ეს ფრაზა ქრესტომათიაში ასეა თარგმნილი: „განა მე არ აღვმართე ის ხატი? მევე დავამხობ". იგულისხმება: „მე შევქმენი შენთან ოჯახი და მევე დავანგრევ მას".
ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში ხატი ნიშნავს „მსგავს სახეს".
ი. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონში" ხატი ამავე მნიშვნელობით გვხვდება: „ხატი - გამოსახულება, ნახატი, მსგავსება, „ფერი", სახე, სურათი, შესახედაობა".
ი. იმნაიშვილის „ქართული ოთხთავის სიმფონია ლექსიკონში" ხატი განმარტებულია როგორც „სახე, სურათი: „მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ვისი არს ხატი და ზედაწერილი?" (ლ. 20:24); „თქუენ არცა ხმაი მისი გესმა სადამე და არცა ხატი იხილეთ (ი. 5:37)".
ქეგლ-ის ერთტომეული ხატის ასეთ განმარტებას გვთავაზობს: „ხატი [არაბ.] 1. ( ძვ. და წიგნ.) გარეგნობა, სახე; 2. ღვთაების ან წმინდანის (წმინდანების) მხატვრული გამოსახულება, რომელსაც მორწმუნეები თაყვანს სცემენ; 3. წარმართული ღვთაება, რომელიც თითქოს მფარველობს მთელ თემს ან ცალკეულ გვარს (ფშავ-ხევსურეთში)".
როგორც ვნახეთ, სიტყვა ხატი ლექსიკონებში ძირითადად განიმარტება სამი მნიშვნელობით: სახე, მსგავსი, წარმართული ღვთაება.
ედიშერ ჭელიძე ტექსტის „წამება წმინდა მოწამე შუშანიკ დედოფლისა" განმარტებაში გვთავაზობს ზემოთ მოყვანილი კონტექსტის განსხვავებულ ინტერპრეტაციას. მისი თქმით, „ვარსქენის სიტყვები: „შენ ჩემი ხატი დაამხუ..." ადასტურებს, რომ მოყვანილ კონტექსტში ტერმინ „ხატს" ეკლესიურ-იკონოლოგიური შინაარსი არა აქვს... „ხატი" მოტანილ კონტექსტში ნიშნავს სწორედ კერპსო", - აღნიშნავს ე. ჭელიძე. აქვე იმოწმებს წმ. წერილის ძველ ქართულ ვერსიებს: „კერპსა მას ოქროისასა, რომელი შენ აჰმართე, არა თაყვანის-ვსცემთ" (დან. 3:15-18 01); შდრ. BS: „ხატსა ოქროისასა, რომელი აღსდგი, არა თაყვანის-ვსცემთ". მეცნიერი დაასკვნის: „ამრიგად, ვარსქენი შუშანიკს უსაყვედურებს ქმრის შეუვალი ავტორიტეტის ანუ მისი როგორც ქმრის „კერპის", როგორც ცოლისაგან თაყვანსაცემი ბომონის დამხობას".
ე. ჭელიძე დედოფლის პასუხს ასე გაიაზრებს: „...სახეობრივად უაღრესად მეტყველია შუშანიკის სიტყვებში გამომკრთალი მინიშნება, რომ მას ვარსქენის ხატ-კერპი თაყვანსაცემად არასოდეს ჰქონია აღმართული თავის გულში, რადგან ყოველთვის მარტოოდენ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანებოდა. კიდევ, წმინდანის პასუხი - ესაა მისდამი წამოყენებული ბრალდების მეტად მახვილგონივრული გაბათილება: ის, რაც არასოდეს აღმიმართავს, როგორ დავამხობდიო".
შესაძლოა, ვარსქენი ხატში ბომონს გულისხმობდეს, მაგრამ, ვფიქრობთ, დედოფალი მასში ეკლესიურ-იკონოლოგიურ შინაარსს დებს. შესაძლოა, ორი განსხვავებული მრწამსის ადამიანი ერთ სიტყვას, ამ შემთხვევაში - ხატს, სხვადასხვაგვარად გაიაზრებდეს. ხატის დედოფლისეული ინტერპრეტაციის სათავედ უნდა მოიაზრებოდეს „შესაქმე": „თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ..." (შეს. AS 1.26), (გვ. 65). ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის მსგავსად. დედოფალ შუშანიკს ფრაზით: „არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამხუ" იმის თქმა სურს, რომ ყოველი ადამიანი ღვთის ხატია და, ამდენად, ვერავინ ხელყოფს, თუ თავად შექმნილი, რომელსაც აქვს თავისუფალი ნება, არ დაამხობს მას.
ამდენად, ვფიქრობთ, ვარსქენი ხატში კერპს უნდა მოიაზრებდეს, დედოფალი კი - ღვთის ხატად შექმნილ პიროვნებას, რომელსაც შეურაცხყოფას ვერავინ მიაყენებს, გარდა საკუთარი თავისა.
„შუშანიკის წამების" სასკოლო რედაქციაში იმ ადგილას, როცა დედოფლის მოსაყვანად ვარსქენი წარგზავნის ჯოჯიკს, მის ცოლსა და აფოც ეპისკოპოსს, დედოფალი განაცხადებს: „...მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმცა მოსისხლეობაი იქმნა და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით". აქვე ეს ადგილი ასეა განმარტებული: „მოსისხლეობაი - დანაშაული, მტრობა; ვითარმცა მოსისხლეობაი იქმნა - რომ დანაშაული მოხდეს, მტრობა ჩამოვარდეს; თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით - თქვენც დამნაშავეები იქნებით, თანამონაწილენი გახდებით ამ დანაშაულისა".
„შუშანიკის წამების" შესწავლის დროს მოსწავლეები ხშირად სვამენ კითხვას: „იქმნა" წარსული დროა, „მოსისხლეობაი იქმნა" უკვე დაღვრილ სისხლს უნდა გამოხატავდეს და რატომ არის სახელმძღვანელოში მომავალი დროით თარგმნილიო.
„შუშანიკის წამების" გობრონ საბინინისეულ გამოცემაში ზემოხსენებული კონტექსტი ასე იკითხება: „...ხოლო მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმედ სისხლი იქმნეს და თქუენ ყოველნი თანამდებ იქმნენით..." (გვ. 184.)
გაუგებრობას წარმოშობს ზმნების „იქმნა" და „იქმნეს" წარსული და მომავალი დროის ფორმები. თუ „მოსისხლეობაი იქმნა", ე. ი. დანაშაული წარსულში მომხდარა, მაგრამ გასათვალისწინებელია -მცა ნაწილაკიანი „ვითარმცა" კავშირი. -მცა ნაწილაკიანი ფორმა ვერ იგუებს კავშირებითს, რომლითაც ძველ ქართულში მომავალი დრო გამოიხატებოდა. აკ. შანიძე „ძველი ქართული ენის გრამატიკაში" -მცა ნაწილაკს ასე განმარტავს: „ამ ნაწილაკის თავისებურება ის არის, რომ იგი ვერ იგუებს წინადადებაში შემავალი ზმნის ფორმას კავშირებითში და უთუოდ უნდა გადააყენოს იგი თხრობით კილოში" (გვ. 166). „იქმნა" სწორედ თხრობითი კილოს ფორმაა.
„ვითარმცა მოსისხლეობაი იქმნა", ისევე როგორც „ვითარმედ სისხლი იქმნეს", მომავალ დროს გამოხატავს.
ს.-ს. ორბელიანი სიტყვა მოსისხლეობას არ განმარტავს.
ი. აბულაძის ძველი ქართული ენის ლექსიკონში მოსისხლე, მოსისხლება, მოსისხლეობა ასეა განმარტებული: მოსისხლე - სისხლისმღვრელი, „კაცისმკვლელი"; მოსისხლება - დასისხლება; მოსისხლეობა - სისხლი (გვ. 276).
ქეგლ-ში განმარტებულია მოსისხლეც და მოსისხლეობაც: „მოსისხლე - 1. სისხლის მსმელი. მოსისხლე ფრინველები //სისხლის ღვრის მოყვარული; 2. (ძვ.) სისხლის აღებით შურისმაძიებელი. მოსისხლე მტერი - შეურიგებელი მტერი, დაუძინებელი მტერი"; „მოსისხლეობა - მოსისხლის თვისება".
დედოფალი მოსისხლეობაში საკუთარ მოწამეობას უნდა გულისხმობდეს. თავადაც ადასტურებს: „უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკვდილდ მივალ".
ის, რომ ტექსტი 21-ე საუკუნეშიც მრავალ კითხვას ბადებს, „შუშანიკის წამების" უნიკალურობაზე მეტყველებს. ტექსტის ორიოდე ადგილის ინტერპრეტაციაც ამის დასტურია.
დავასკვნით, რომ დედოფალი სიტყვა ხატში უფლის ხატად შექმნილ ადამიანს უნდა გულისხმობდეს, „ვითარცა მოსისხლეობაი იქმნა" კი ითარგმნება როგორც მომავალში მოსახდენი სისხლის ღვრა, მოწამეობა. დედოფალი არ დაუშვებს, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ მახლობელმა ადამიანებმა.
ამრიგად, შევეცადეთ, მოსწავლეების დასმულ კითხვებზეც გვეპასუხა, კითხვის ერთ-ერთ კომპონენტზე - ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და ძველი ქართული ენის გრამატიკულ თავისებურებაზეც გაგვემახვილებინა ყურადღება, იმავდროულად, ჩვენი ნააზრევი ჟურნალ „მასწავლებლის" მკითხველისთვისაც გაგვეცნო.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ქართული ენა და ლიტერატურა მე-10 კლასი. თ. ცხადაია, დ. კვანჭიანი, ნ. ღონღაძე, თ. ღონღაძე. ნ. კუცია, ნ. მაღლაკელიძე
2. წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი, შესაქმისაი, გამოსლვათაი, „მეცნიერება", 1989
3. საქართველოს სამოთხე, გობრონ საბინინი, პეტერბურღი, 1882 წ
4. ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, რედ. - ლ. აბაშიძე. თბ., 2011 წ.
5. აკ. შანიძე, ძველი ქართული ენის გრამატიკა, თბ., 1976
6. ს.-ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბ., 1993 წ.
7. ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973 წ.
8. ქეგლ, ერთტომეული, მთ. რედ. - არნ. ჩიქობავა, თბ., 1986 წ.
|
Страницы
- CV
- პროექტი ,,გვაქვს უთვალავი ფერითა"
- გაკვეთილის გეგმა N1
- სერტიფიკატები
- კვლევა
- გაკვეთილის გეგმა N2
- გაკვეთილის გეგმა N4
- ელექტრონული რესურსების რეფლექსიები
- გაკვეთილის გეგმა N3
- კალის ჯარისკაცი
- ტყის მრავალფეროვნება
- აფიშები
- გაზაფხულის ძეგლი
- პლაკატების მომზადება
- რესურსები მესამე კლასისთვის
- ნაწყვეტი ,,ჯინსების თაობიდან"
- ქართულად გახმოვანებული ვიდეოები
- ინტერნეტუსაფრთხოება და ცხოვრების ჯანსაღი წესი
- ,,აღზრდის სტილი"
- საკონფერენციო მოხსენება
- კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა
- სტუმრად ქ. ჯვარის პირველ საჯარო სკოლაში
- საკრალური ტერმინები
- დიდება სიტყვის სემანტიკური ცვალებადობის შესახებ ქა...
- ტერმინი კურთხევა
- პროექტი: ,,კვლა აქაცა ეამების ,ვინცა ისმენს კაცი ვ...
- ვიდეო ,,ნარკომანის აღსარება"
- გენდერი იწყება ჩემგან
- კოლეჯ ,,ლაკადაში"
- ,,სალამურას თავგადასავალი"
- დისერტაცია ,,ქრისტიანული ტერმინები ქართულ და სხვა ქართველურ ენებში"
- პატარა არქეოლოგები
- არსებითი და ზედსართავი სახელები
- პაულ ვინჩესტერის კვლევა 1
- ფორუმთეატრი გაკვეთილზე
- შობის მახარობლები
- მანდალა
- კრედიტქულების დაგროვება
- გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
- 14 აპრილი - დედაენის დღე
- მანდალა
четверг, 4 апреля 2019 г.
среда, 13 марта 2019 г.
ბავშვობადაკარგული პერსონაჟები და არამხოლოდ ისინი
ბავშვობადაკარგული პერსონაჟები და არამხოლოდ ისინი
http://mastsavlebeli.ge/?p=16692
მე-12 კლასში კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ სწავლების დროს ერთი თემა გამოვკვეთეთ: ბავშვობადაკარგული პერსონაჟები. შევეხეთ აღნიშნული ტექსტის ორ პერსონაჟს: გიორგი მეფესა და ფარსმან სპარსს.
კლასში გაიმართა დისკუსია. მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. მინდა, მათი ნააზრევი გადმოგცეთ.
ფარსმან სპარსის გულბოროტობა მოსწავლეებმა მის დაკარგულ ბავშვობას დაუკავშირეს. აღნიშნეს, რომ გამზრდელის შეგონება: „ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო“, – დღენიადაგ თან სდევს ფარსმანს. გორავს „თვითმოძრავი ჭური“, მაგრამ ვერ ცხოვრობს, ვერ პოულობს საკუთარ თავს ყველაფრის მცოდნე. სილაღისა და თავისუფლების განცდა, რომელიც ბავშვობაში ამოაჭრეს, ვეღარასოდეს აინაზღაურა. ამიტომაც სძულს თავისუფალი ადამიანები, მთელი სამყარო.
გიორგი მეფე კი მეფობით არის შეზღუდული. ჯერ კიდევ ბავშვს დაადგეს გვირგვინი, სათამაშოების ნაცვლად სკიპტრა შეაჩეჩეს ხელში. მასაც ჩასჩიჩინებდნენ: „მეფე ხარ და ხამს, მეფე ხარ და გმართებს“. გვირგვინის სიმძიმის ქვეშ გაისრისა გიორგის ბავშვობა. უჭირს მეფეს, აწუხებს, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი გამოატოვებინეს.
დისკუსიაში „სახარების“ მცოდნე მოსწავლე ერთვება და იხსენებს ყრმათა შესახებ მაცხოვრის ორ შეგონებას: 1. ვინც ერთ ამათგანს დააბრკოლებს, უმჯობესია წისქვილის ქვა ჩამოიკიდოს ქედზე და ზღვაში გადაეშვას; 2. თუ არ იქნებით ვითარცა ყრმანი, სასუფეველში ვერ შეხვალთ. იკვეთება აზრი, რომ სახარებისეული სწავლება ყრმობის ასაკს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აქ უნდა ჩაეყაროს საფუძველი ყველა საბაზისო ემოციას, უნარ-ჩვევას. ჯანსაღი ბავშვობიდან ამოზრდილი ადამიანი ახერხებს საკუთარი თავის შექმნას, სახარების ენაზე რომ ვთქვათ, „მეორედ შობას“. მისი წართმევით კი ბავშვი იმ საყრდენს კარგავს, რომელზეც მომავალი ცხოვრება უნდა დააშენოს. ამიტომაც ეკისრება უმძიმესი სასჯელი მას, ვინც ყრმას გზაზე გადაეღობება.
მოსწავლეები იხსენებენ სხვა ლიტერატურულ ტექსტებსაც. უპირველესად, ყურადღებას ამახვილებენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე „სარჩობელაზედ“, კერძოდ, მის ორ პერსონაჟზე – უმწეო ბავშვებზე, ბეჟანსა და მის ძმაზე. აღინიშნა, რომ პეტრეს სიკეთემ კი დააფიქრა ერთი მათგანი, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ დაკარგულ ბავშვობას არათუ საცოდავი პეტრე, ვერავინ დაუბრუნებდა. ან კი უსწავლელ პეტრეს როგორ უნდა შეეცვალა ყმაწვილების წინააღმდეგ ამოქმედებული მთელი სისტემა, რომელშიც მოიაზრება უპირველესად ოჯახი და მერე საზოგადოება?! ოჯახში მოზარდებზე ძალადობენ, საზოგადოება გულგრილია პრობლემის მიმართ. თვალსა და ხელს შუა მსხვერპლები მოძალადეებად იქცევიან, გაცემული აგრესია ბუმერანგივით ბრუნდება უკან. ამ ყველაფრის სათავე კი იქ არის, სადაც ბავშვობა დაიკარგა, ფეხქვეშ გაითელა, ხიდი ჩატყდა მოზარდებსა და საზოგადოებას შორის. იშვა დიდი სიძულვილი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. არ არსებობს სიკეთე, რომელიც მას განკურნავს. ამისი დასტურია მოთხრობის „სარჩობელაზედ“ პერსონაჟის სიტყვები: „მძულს ქვეყანა და ადამიანი… ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა… ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანას,მშვიდობით!“
მოსწავლეებმა ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდიც“ გაიხსენეს. აღნიშნეს, რომ პატარა დევიდი ადრეულ ბავშვობაში დედისა და პეგოტისაგან მიღებულმა სითბომ, ალერსმა გადაარჩინა. დიდი როლი შეასრულა პიროვნებად მის ჩამოყალიბებაში მამის დანატოვარმა წიგნებმაც. მისტერ მორდსტონის სისასტიკე დევიდ კოპერფილდს ვერ მოერია, ბავშვობა ვერ დააკარგვინა.
ვიხსენებთ ოთარ ჭილაძის ლექსს „ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის“. ავტორის თქმით:
„ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და თვითონ უნდა მიაბა იგი
მიწას, რომელზეც გინდა რომ მოკვდე,
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.
საქმე ისაა, როგორ მიაბამ,
როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,
რომ არ შეფასდეს მერე იაფად
შენივე ხელით შეკრული კვანძი.
როგორ მივაბი, არ მახსოვს კარგად,
მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე
და ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ,
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ“.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ლექსში კარგად ჩანს ბავშვობის შენარჩუნების მნიშვნელობა, რომ ამდენ ქარსა და წვიმას ვერ გავუძლებთ, თუ თოკის ბოლოს კარგად არ გამოვკვანძავთ იქ, შორეულ ბავშვობაში.
დისკუსია ლიტერატურის განხილვიდან რეალურ ცხოვრებაზე გადაინაცვლებს. მოსწავლეები ეხებიან ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს, მოზარდთა სისხლიან დაპირისპირებას. გამოვლენილი აგრესია გამაფრთხილებელ სიგნალს ჰგავს, რომელიც ღრმა კრიზისზე მიგვანიშნებს. კრიზისს სახელად ბავშვობის დაკარგვის საფრთხე დავარქვით და რაოდენ საშიშია ის მომავლისთვის, მოზარდებმა ლიტერატურული მასალის დახმარებით გააცნობიერეს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)