Страницы

среда, 16 ноября 2016 г.

წერის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი





წერის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი  (http://mastsavlebeli.ge/?p=4194) 


 a-  A+ 
ერნსტ კასირერი თავის ნაშრომში ,,რა არის ადამიანი?” აღნიშნავს, რომ „ენობრივი ცნობიერების გაღვიძება ეს არის გონითი რევოლუცია ბავშვის ცხოვრებაში. ამ დღიდან იწყება ბავშვის პირადი ცხოვრების მთლიანი გარდაქმნა”. მოზარდის  ენობრივი ცნობიერების გაღვიძებასა და გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. უპირველესად ისინი ქმნიან ბავშვისთვის ენობრივ გარემოს. რაც უფრო მდიდარია იგი, მით უფრო უადვილდება მოზარდს მშობლიური ენის დაუფლება. თუმცა ბავშვი მზამზარეულად მიწვდილს არ უნდა დასჯერდეს. თავად უნდა გაიმდიდროს მეტყველება და ისწავლოს წერა-კითხვა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც, საგნობრივი სტანდარტის მიხედვით სწორედ ამ მიმართულებით  ( ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა) მუშაობენ. სამივეში შედეგის მიღება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ განსაკუთრებით რთული წერაა, რომელიც პირველი ორი კომპონენტის კარგად ფლობასაც გულისხმობს.
მოგეხსენებათ, ტექსტი ბევრნაირი არსებობს. შესაბამისად იგი სხვადასხვანაირად იწერება. ვიდრე მოსწავლე დასაწერი ტექსტის სპეციფიკას გაარკვევს, ეცოდინება, როგორ დაწეროს ესე, რეფერატი, პუბლიცისტური წერილი და ა. შ. უნდა ჩამოვუყალიბოთ მას ნაფიქრის ფურცელზე გადმოტანის ჩვევა.
წერის სწავლების მეთოდი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ახალი არ არის. მინდა მოგიყვეთ იმაზე, როგორ ვიყენებ მას  ძირითადად სწავლების საბაზო საფეხურზე. წერის სწავლების სტრატეგიას პირობითად  „სიტყვებით თამაში” დავარქვით. მოსწავლეებს ვთავაზობთ სამ სიტყვას (ვცდილობთ ეს სიტყვები იყოს პოზიტიური განწყობის გამომწვევი, რადგან ჩვენს ბავშვებს ისედაც სტრესულ გარემოში უხდებათ ცხოვრება) და ვეუბნებით მათ, რომ მოცემული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შექმნან მოთხრობა, ჩანახატი, ზღაპარი, ლექსი…   ,,კანდინსკი მიუთითებს, რომ ჩვეული ყოველდღიური საგნები ადამიანზე „ზედაპირულად”,  პერიფერიულად ზემოქმედებენ, ხოლო ბავშვისთვის სამყარო მისი „სიახლისა” და „უჩვეულობის” გამო დიდი შთაბეჭდილების მომტანია.’’ (რ. მირცხულავა, ,,ხელოვნების ფსიქოლოგია”, გვ. 119).  სამყაროს  ,,სიახლისა” და ,,უჩვეულობის”  გადმოცემის ერთ-ერთი საშუალება სიტყვაა.  ბავშვები იწყებენ ფიქრს, როგორ ააგონ ტექსტი. სიტყვები გარკვეულ ასოციაციას იწვევს მათში. ისინი თითქოს არიადნას გორგლის როლს ასრულებენ. მოზარდები შემოქმედებით პროცესში ერთვებიან. მათ სიტყვასთან ჭიდილში მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდებათ. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეთა ნაწერებში მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შეცნობაც შეიძლება, რაც მასწავლებლისთვის, ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის.
წარმოგიდგენთ მოსწავლეთა რამდენიმე ნაწერს, რომლებიც  ზემოთ აღწერილი წერის სწავლების მეთოდის გამოყენებით შეიქმნა.
გამოსაყენებელი სიტყვები: მზე, მთა, ზღვა. ავტორი ნიკა ყურუა (VI კლასი):
„მზე დილით გაიზმორა, ივარჯიშა და გზას გაუდგა. მიწის შვილებს (მცენარეებს) სტუმრობს. ყველას ახალისებს. გზად მიმავალი მტირალ მთას აწყდება. თურმე სხვა მზეებს მისი კალთები გადაუწვავთ.
მზე სხვა მზეებთან მიდის. საყვედურობს. შეწუხდნენ მზეები: ჩვენ მხოლოდ თამაში გვინდოდაო. ორმოსთან დასხდნენ და დაიწყეს ტირილი. ორმო ზღვად იქცა. მზეებმა შიგ თავი ჩაიხრჩვეს. ის ერთი მზე კი ყოველ ღამე ჩადის ზღვაში და გარდაცვლილ მზეთა საფლავებს მოინახულებს’’.
გამოსაყენებელი სიტყვები: ლოცვა, მე, შენ. ავტორი ლადო ბერიშვილი. ამონარიდი მისი ნაწერიდან  (VII კლასი): 
,,ღმერთო, მე შენ მიყვარხარ. შენი შვილიც მიყვარს. დამეხმარე, რომ კარგი შვილი ვიყო!”
გამოსაყენებელი სიტყვები: ქალაქი, ქაღალდი, ქვა.  ავტორი  ხატია ლემონჯავა (IX  კლასი):
ქაღალდის ქალაქი
,,ქაღალდის ქალაქში მცხოვრებთა ბაგეები ოქროს მფრქვევი  ვულკანებია. მათ მხოლოდ კეთილი სიტყვები  იციან და თბილი გულები აქვთ.
ქაღალდის ქალაქიდან ქვის ქალაქის შემზარავი კონტურები იკვეთება. იქ მხოლოდ ბოროტება  მეფობს. მე ვრჩები ქაღალდის ქალაქში და ველოდები მსახვრალი ბედის გამოჩენას”.
გამოსაყენებელი სიტყვები: წვიმა ღრუბელი, მზე. ავტორი  ხატია ლემონჯავა (IX  კლასი):
მტირალა ღრუბელი
„ღრუბელი დარდისაგან გალურჯდა, მერე გაშავდა და მთელ ცას მოედო. უნდოდა გათავისუფლებულიყო. ადგა იტირა, იტირა და მიწაზე ჩამოიღვარა. ღრუბელი დარდისგან გათავისუფლდა და მზემაც გამოანათა”.
უსასრულოდ შემიძლია დავიმოწმო მოსწავლეთა ნაწერები, მაგრამ წერის სწავლების ზემოთ აღწერილი სტრატეგიის პრაქტიკაში დანერგვის წარმოსაჩენად, ვფიქრობ, ესეც საკმარისია.
აქვე მინდა დავძინო, რომ მასწავლებლობა მხოლოდ სწავლებას არ ნიშნავს. ბავშვებისაგან ჩვენც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ჩემი მოსწავლეების ნაწერები ჩემთან ერთად ცხოვრობენ და განსაკუთრებით მაშინ მომეძალება მათზე ფიქრი, როცა ცხოვრება მეპირქუშება.

ერთი ფოლკლორული გადმოცემის შესახებ





ერთი ფოლკლორული გადმოცემის შესახებ (http://mastsavlebeli.ge/?p=4570)


 a-  A+ 
1990 წელს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი გახლდით, საზაფხულო არდადეგებზე სვანეთში ფოლკლორის შეგროვება გადავწყვიტე. გადავწყვიტე და საქმესაც შევუდექი. დავიწყე სოფელ-სოფელ სიარული. ის დღეები დღესაც სიბნელიდან ვარსკვლავების გამონათებას ჰგავს. თვალწინ მიდგას იმ მოხუცების სახეები, რომლებიც წინაპრების გადმოცემულ ამბებს სათუთად ინახავდნენ და ენით გამოუთქმელი მოწიწებით ჰყვებოდნენ.
უამრავი საინტერესო თქმულება თუ ლეგენდა ჩავიწერე. განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა. მას ვუყვები ყველა თაობას, რომელსაც სკოლიდან ვაცილებ, ვყვები ყველგან, სადაც ამისი საშუალება მომეცემა. გამიჩნდა სურვილი, ხმა ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებლის” მკითხველსაც მივაწვდინო.
თქმულება ჩავიწერე ჩემს მშობლიურ სოფელ ქართვანიში თამარ წერედიანისგან. ის ამქვეყნად უკვე აღარ არის. თამარა ბებოს, არაჩვეულებრივ მოუბარს, ოცდახუთი წლის შემდეგ საგაზეთო წერილის საშუალებით მინდა, მადლობა ვუთხრა.
შემოგთავაზებთ ტექსტის ვერსიას.
აი, ისიც:
ყოფილან ნათლია-ნათლული. ნათლია ჯოჯოხეთში მოხვედრილა, ნათლული – სამოთხეში. ძალიან იტანჯებოდა ნათლია. ნათლულს სთხოვა უფალთან შუამდგომლობა. ნათლულიც მივიდა ქრისტე ღმერთთან და მოუყვა ნათლიის შესახებ. მან უპასუხა: წადი და ჰკითხე, თუ რამ სიკეთე უქმნია თავისი ცხოვრების განმავლობაშიო.
მივიდა ნათლული ნათლიასთან და უფლის ნათქვამი გადასცა. დაფიქრდა ნათლია და გაიხსენა, რომ ერთხელ მეზობელს ძაფი მისცა. მიაზომეს ის ძაფი და მუხლამდე მისწვდა. მუხლს ქვემოთ ისევ ჯოჯოხეთში რჩებოდა.
ნათლია მაინც საშინლად იტანჯებოდა და კვლავ სთხოვა ნათლულს დახმარება. მანაც არ დააყოვნა. ისევ ქრისტე ღმერთს მიადგა და შეეხვეწა, ნათლია ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა. ქრისტე ღმერთმა უპასუხა: რომც ამოვიყვანო, მისი სული მძიმეა და მაინც ჩავარდება ჯოჯოხეთში, ამიტომ შენ უნდა იტვირთოო.
ნათლული დასთანხმდა უფალს. ნათლია-ნათლული დღესაც ასე დადიან სამოთხეში. ნათლულს ნათლია ზურგზე ჰყავს წამოკიდებულიო.
შესაძლოა, ბევრი უარყოფითი თვისება გვაქვს, მაგრამ სულის ასეთი ამაღლებაც, სახარებისეული იდეების ასეთი ხორცშესხმაც გვახასიათებს. თამარა ბებოს ნაამბობი გვასწავლის ჯოჯოხეთისთვის როგორ არ უნდა გავიმეტოთ ერთმანეთი, როგორ შეიძლება, მოყვასმა მოყვასის ტვირთი ზიდოს, როგორი რთულია ადამიანად ყოფნა, მაგრამ მაინც შესაძლებელი, თუკი მოვინდომებთ.
რიუნესკო აკუტაგავა თავის ნოველა ,,აბლაბუდაში” სვანური გადმოცემის მსგავს სიუჟეტს განსხვავებული გადაწყვეტით გვთავაზობს. მკითხველს მოკრძალებით შევახსენებ ნოველის მოკლე შინაარსს: სამოთხეში მოსეირნე ბუდა დაინახავს რა ავაზაკ კანდატას ტანჯვას ჯოჯოხეთში, გაიხსენებს მის ერთ სიკეთეს (კანდატამ ერთი პაწაწინა ობობა სასიკვდილოდ არ გაიმეტა) და გადაწყვეტს შეეწიოს მას. კანდატასთან ჩაუშვებს ობობას ქსელს (ეს ეპიზოდი გაგვახსენებს სვანური გადმოცემიდან ძაფის მიზომების ამბავს), რომელსაც კანდატა ამოჰყვება. როცა შეამჩნევს ავაზაკი, მას სხვა ცოდვილებიც მოჰყვებიან, შეჰყვირებს: ,,ახლავე ჩაძვერით, ჩაძვერით ქვევით!” დაყვირება და ძაფის გაწყვეტა ერთი აღმოჩნდება. კანდატა ისევ ჯოჯოხეთში ვარდება.
რიუნესკო აკუტაგავამ ამ ნოველით გვითხრა, რომ ადამიანი ასეთი ბოროტიც შეიძლება იყოს. რომ არა კანდატას ეგოიზმი, უამრავ სულთა ხსნა შეიძლებოდა. სვანურ ფოლკლორულ გადმოცემაში კი ხალხმა ის ჩადო, რისი მატარებელიც თავად იყო. ის, როგორც ,,ობოლი მარგალიტი”, თაობიდან თაობას რუდუნებით გადაეცემოდა, რომ ჩვენამდე მოეღწია. მასში წინაპრების საუკეთესო თვისებებია დალექილი. ნათლულის ერთგულების, სიყვარულის, რწმენისა და ჯვარმტვირთველობის უნარის მქონე ერი რა გასაკვირია, რომ ,,ვეფხისტყაოსნისეულ” სიმაღლეებსაც შესწვდებოდა.

ზღაპარ ,,კომბლეს“ ინტერპრეტაციისათვის






 ზღაპარ ,,კომბლეს“ ინტერპრეტაციისათვის ( http://mastsavlebeli.ge/?p=10383)


 a-  A+ 
საქართველოში ,,კომბლეს“ თაობებს უყვებოდნენ. მიყვებოდნენ მეც. თავადაც  ვუყვებოდი საკუთარ შვილებს. იმედი მაქვს, ისინიც გადასცემენ თავიანთ პატარებს იმ დიდ იდეას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაწურულად, მარტივად, ბავშვისთვის გასაგები ენით გამოთქვეს.
დიდი იდეა კი სიკეთის მარადიულობის რწმენაა. ,,კომბლეს’’ მთავარი პერსონაჟი, როგორც სათაური მიგვითითებს, კომბლეა. კომბლე კომბლის მფლობელია. სიმბოლურად კომბლის, ანუ კვერთხის ფლობა ძალაუფლების ქონას გამოხატავს. მოვიტანთ  კვერთხის ეფრემ მცირისეულ განმარტებას: ,,კუერთხ ღმრთისა ეწოდების ოდესმე გუემასა, რომელსა მოაწევს განსასწავლელად უგუნურთა და ოდესმე ნუგეშის-ცემასა, რომელსა მოავლინებს განსაძლიერებლად უძლურთა. და კუალად, ამათ ყოველთაგან კიდე, კუერთხ ეწოდების ძელსა საუფლოისა ჯუარისასა, რომელი მიიღო სასწაულად მთავრობისა, გან-რაი-ვიდოდა მთავრობათა და ხელმწიფებათა ბნელისათა. [დობორჯგინიძე, 1998, გვ. 47]. კვერთხი და კომბალი  სინონიმებია, მაგრამ ეს უკანასკნელი,  როგორც ჩანს,  ბუნებრივია სახალხო მეტყველებისთვის. შესაბამისად, ის ბავშვებისათვის უფრო გასაგები ფორმა უნდა ყოფილიყო.
 ,,კომბლე კომბლებს თლის და ჭერში აწყობს“, – ამ ფრაზით მთხრობელი მიანიშნებს ადრესატს, რომ კომბლე მარადიული ძალაუფლების მქონეა. კომბლების ჭერში დაწყობა არ არის ერთჯერადი ქმედება, არ მთავრდება. ჭერი ზეცის სიმბოლოდ შეიძლება გავიგოთ. ძველ ქართულ საცხოვრისებში ის სწორედ ასეა გააზრებული: ,,დედაბოძს უჭირავს თავის ბეჭზე სახლის ჭერი, როგორც ატლასს ცის თაღი. ამიტომაც იგი განასახიერებს ცისა და მიწის კავშირს, სამყაროს ღერძს“ [ზ. კიკნაძე, 2007წ., გვ. 69]. გამოდის, რომ კომბლე არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ის კეთილი მწყემსია. ასე მოიხსენიებს მაცხოვარიც საკუთარ თავს: ,,მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი  დადვის ცხოვართათვის“ ( იოანე. 10,11). კომბლეც სახარებისეული იდეის მატარებელია. იგი ცხვრებს უშვებს თავისი წიაღიდან, ,,წყალობის სახლიდან“ იმ სამყაროში, რომელშიც  სიკეთისა და ბოროტების ჭიდილია. კომბლეს წიაღიდან გამოსვლა სამოთხიდან გამოდევნას ჰგავს, თუმცა ბავშვს ცოდვით დაცემასა და ტანჯვაზე ზღაპარი არაფერს ეუბნება. ცხოველებთან ცხვრების შეხვედრის სიმძაფრეც საკმარისია მისი სათუთი ბუნებისთვის.  ბოროტება ზღაპარში მტაცებელი ცხოველებით გამოიხატება. ისინი მსხვერპლს ეძებენ, მაგრამ ცხვრებს კომბლეს სახელი იცავს:
,,- ცხვრებო, ცხვრებო, ვისი ხართო?
– ვისიო და კომბლესიო.
– გვეშინია თქვენი კომბლესიო.“
თუმცა მგელი კადნიერდება, კომბლეს სახელს არად აგდებს და ცხვრებს გადასანსლავს. ,,სამსხვერპლო ქვეყანას“  მხსნელი სჭირდება. ცხვრების მომლოდინე კომბლე მხარზე კომბალს გაიდებს და მათ საძებნელად გაემართება. კომბლესა და ცხვრებს შორის გაწყვეტილი კავშირი თავად კომბლემ უნდა აღადგინოს, ისევე, როგორც ადამის მოდგმასა და ღმერთს შორის კავშირი – ქრისტემ.
კომბლეს წინაშე ძრწიან ბოროტი ძალები. მელა, დათვი და უკვე მგელიც კი ვერ ამხელენ, რომ ცხვრები ნახეს. მგელს ,,ჩიჩია“ ამხელს. მისი სტომაქი, საიდანაც კომბლემ ცხვრები უნდა ამოიყვანოს, შესაძლოა, ჯოჯოხეთის სიმბოლოდ გავიაზროთ. კომბლე ზღაპარში იქცევა არა როგორც მსხვერპლის გამღები, არამედ – ძალაუფლების მქონე (ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. ბავშვს ამით დაცულობის განცდა უძლიერდება). იგი მგლის სტომაქს კვეთს და გათავისუფლებულ ცხვრებს შინ მიერეკება. ეს „შინ“ უკვე მარადიული სამყოფელია, ,,წყალობის სახლია“, რომელშიც არ არსებობს ბოროტება.
ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზღაპარ ,,კომბლეს“ თითქმის დინამიკური დიალოგები ლექსიკის შესწავლის თვალსაზრისით ლექსის ეფექტს იძლევა,   ადვილად ამახსოვრდებათ ბავშვებს  და მათ მეტყველება-აზროვნებას აუმჯობესებს.
,,კომბლე’’, ვფიქრობთ, ბავშვთა ადრეულ ასაკში, დაახლოებით ხუთ წლამდე, მოსაყოლი ზღაპარია. ამ პერიოდში აუცილებელია, ბავშვმა დაცულად იგრძნოს თავი, რომ ჩამოუყალიბდეს ის საბაზისო ემოციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ფსიქიკისათვის.
გავიხსენოთ მასლოუს თეორია, რომლის მიხედვითაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შემდეგ უსაფრთხოება, დაცულობა დგას. ,,კომბლე“ ბავშვში სწორედ ამ  განცდას აძლიერებს. ეს აუცილებელია იმ მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც თვითრეალიზაცია ჰქვია. თუმცა ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის გარშემო არ ტრიალებს სამყარო და ის სხვა წევრებთან ერთად სოციუმის ერთ-ერთი წევრია. ბავშვმა ძველ გამოცდილებას უნდა დაამატოს ახალი. თანდათან ისწავლოს დამოუკიდებლად მოქმედება და გარედან კი არ ელოდოს ხსნას, თავად გახდეს აქტიური, ინიციატივიანი და მებრძოლი. ამ უნარების ჩამოსაყალიბებლად ზღაპრების გუდაში უკვე სხვა მასალა მოგვეპოვება.
გამოყენებული მასალა:
  1. ზ. კიკნაძე, ქართული მითოლოგია, 2007წ.
  2. ნ. დობორჯგინიძე, ფსალმუნთა გამოკრებული თარგმანება და ძველი ქართული ლინგვისტური აზროვნების საკითხები. (საკანდიდატო დისერტაცია), 1998 წ.

3.        ადამიანის მოტივაციების თეორია (მასლოუს საჭიროებების იერარქია )

                          https://geosexmd.com/2011/12/12/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83
  1. იოვანეს სახარება, ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, ივ. იმნაიშვილის გამოცემა, თბ. 1979.
https://drive.google.com/folderview?id=0B8_Iezla0_7ENklIWjFkcDUxN28&usp=sharing

მოძალადე და მსხვერპლი სკოლაში შესასწავლი რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით

მოძალადე და მსხვერპლი სკოლაში შესასწავლი რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით (http://mastsavlebeli.ge/?p=4315)
ავტორი: ნინო გაბულდანი.

ბოლო ხანებში ბევრს საუბრობენ ქალთა მიმართ ძალადობაზე. ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ,,ჭირთა თქმა’’ აუცილებელია იმისათვის, რომ პრობლემის სათავე ვიპოვოთ და გამოსავალი მოვძებნოთ.
როცა რამე საჭირბოროტო საკითხზე ვფიქრობ (ეს ჩვევად მექცა), აუცილებლად ჩვენი მწერლობისაკენ გამირბის თვალი (ამაში პროფესიაც მეხმარება). იქ ვეძებ კითხვებზე პასუხს. ძალადობაზე ფიქრმაც მიბიძგა თვალი გადამევლო ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ სკოლაში შესასწავლ ნაწარმოებებზე.
ქართული ლიტერატურის პირველსავე ძეგლში, ,,შუშანიკის წამებაში", ვაწყდებით ოჯახში მიმდინარე კონფლიქტს. ეს კონფლიქტი, მართალია, სცდება ოჯახის ფარგლებს, მაგრამ თავად ვარსქენ პიტიახში ცდილობს ის შეფუთოს და წარმოადგინოს, როგორც ცოლ-ქმარს შორის მიმდინარე უთანხმოება. იგი არასოდეს ითხოვს შუშანიკ დედოფლისაგან ქრისტიანობის უარყოფას. შესაძლოა, ამას აშკარად ვერ ბედავდეს, თუმცა ქვეტექსტად იგულისხმება. შეგახსენებთ ვარსქენის დადებულ პირობას პეროზ მეფის წინაშე: ,,რომელი-იგი ბუნებით ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა შჯულსა, ვითარცა-ესე მე. ამას უქადებდა, რომელ-იგი არა აქუნდა ხელთა შუშანიკისაგან." პიტიახში აქცენტს აკეთებს მასზე, როგორც ურჩ ცოლზე, რომელმაც, ქმრის ნებართვის გარეშე, გაბედა და სასახლე დატოვა: ,,რაისა ხელიწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და არქუთ, ვითარმედ : შენ ხატი დაამხუ, და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წასრულ-ხარ".პიტიახში სასულიერო პირებსაც თითის ქნევით ესაუბრება და ითხოვს მათგან ოჯახის ურყეობის შენარჩუნებას: ,,გამომეც ცოლი ჩემი, რად განმაშორებ მისგან?!" , - მიმართავს ის აფოც ეპისკოპოსს.
ვფიქრობთ, ,,შუშანიკის წამებაზე" საუბრისას აუცილებელია ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება. როგორც ტექსტიდან ჩანს, მეხუთე საუკუნის ქართლში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მსხვერპლს დაიცავს. ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ ქრისტიანული ეკლესიის წიაღში ყალიბდება აქტიური და მებრძოლი ქალის სახე. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, დედოფალი, რომელიც ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური წნეხის ქვეშაა, ბრძოლას არ წყვეტს. ის თვლის, რომ ქმართან ერთად წარწყმედას განყენება ჯობია. ,,ხოლო უკუეთუ შემკრას და მითრიოს, მიხარის, რამეთუ მით სახითა იყოს განჩინებაი ჩემი მისგან", - აცხადებს წმინდა შუშანიკი. ამით უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ გარშემო მყოფებს, რომ არჩევანი გააკეთონ დედოფალსა და ვარსქენს შორის.
ვინმე სპარსის მიერ დედოფლის მისამართით ნათქვამი: ,,დედათა ბუნებაი იწრო არს" უსუსურად გამოიყურება. ამისი არც ვარსქენს სჯერა, მაგრამ ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავისი ოთხი შვილის დედა ოჯახში გამოკეტოს, ნივთად აქციოს და ბინძურ პოლიტიკაში სათამაშო პაიკად გამოიყენოს. დედოფალი კი დედოფლობს. ამქვეყნად სამართლის ვერმპოვნელი იმქვეყნად ეძებს თანასწორობას: ,,განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისა". მავანი იკითხავს: მაშ, როგორ ავხსნათ პურობაზე შუშანიკის ნთქვამი: ,,ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური"? აქ ისევ კონტექსტის მოშველიება დაგვჭირდება. ტრადიციის უგულვებელყოფა ნაღალატევი ქმრისაგან დედოფალმა არ მიიღო. სხვა შემთხვევაში იქნებ მას ეს არც გაეპროტესტებინა.
და მაინც, მიუხედავად ქალისა და მამაკაცის უთანსწორობისა დედოფალი მეხუთე საუკუნეში ახერხებს საზოგადოების კონსოლიდაციას, საკუთარი თავის დაცვას. ამაში მას რწმენასთან ერთად შესაბამისი განათლებაც ეხმერება.
საინტერესოდ წარმოგვიდგენს რენესანსის ეპოქა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეას: ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია". რუსთაველმა აქ, დედამიწაზე, გადმოიტანა ის სივრცე, ,, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისა". გავითვალისწინოთ ისევ ,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნის დროინდელი ისტორიული კონტექსტი. იდგა ოქროს ხანა საქართველოს ისტორიაში. გვყავდა მეფე ქალი, რომელიც, მართალია, კანონდარღვევით ავიდა ტახტზე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ თავად შეექმნა ჰუმანური გარემო. მარტო თამარ მეფის მიერ ადამიანის სიკვდილით დასჯის გაუქმება რად ღირს. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ქართველი ქალები აქტიურად ებმებოდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ( გავიხსენოთ ხვაშაკ ცოქალისა და კრავაი ჯაყელის ბრწყინვალე დიპლომატია).
Xll საუკუნის ქართველები ამაყობდნენ იმით, რასაც XlX საუკუნის ქართველობა მისტიროდა. ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს",- ნატრობდნენ ისინი, რადგან კარგად უწყოდნენ, როცა სახელმწიფო გაქვს, შესაბამისი ჰუმანური ინსტიტუტებით, რეალიზება შესაძლებელია.
შოთა რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანში" შთამბეჭდავად წარმოადგენს ორ განსხვავებულ სახელმწიფოს: არაბეთსა და ინდოეთს. არაბეთში სამეფო კარზე ფიქრობენ ადამიანთა მდგომარეობაზე. მეფე ქალი ცდილობს თავის სამეფოში მოტირალი არავინ ეგულებოდეს. როსტევან მეფე კი, რომლის სურვილიც იყო ქალიშვილის გამეფება, არ არის ერთპიროვნული მმართველი. ყველასთან აქვს კომუნიკაცია. მიუხედავად მაღალი სოციალური სტატუსისა, არ უჭირს ქვეშევრდომების აზრი გაითვალისწინოს. რასაც ვერ ვიტყვით ინდოეთის ავტორიტარ მმართველზე, ფარსადანზე. ფორმალურად მოწვეულ თათბირზე, რომელზეც ნესტანის გათხოვების საკითხი განიხილება, ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს და მას ხვარაზმშას ძეზე გათხოვებას გადაუწყვეტს. მამა ფსიქოლოგიურად ძალადობს ქალიშვილზე, ეწინააღმდეგება მის არჩევანს. ავტორიტარ მამას შეყვარებული წყვილი უპირისპირდება და წარმოიქმნება კონფლიქტი, რომელსაც ჩიხში შეჰყავს არამარტო ოჯახის წევრთა ურთიერთობა, არამედ მთელი სახელმწიფოს განვითარებაც.
ავტორიტარულ ინდოეთში დარღვეულ წონასწორობას, თინათინის მოწოდებით: ,,წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად", ავთანდილი აღადგენს, რომლის მისიის აღსრულებაზეც მთელი მისი ქვეყანა ლოცულობს. როგორ შვებით ამოისუნთქავს მკითხველი, როცა ავტორი შემართებით გვიცხადებს: ,,ნახეს, მზისა შესახვედრად გამოეშვა მთვარე გველსა".
გადმოვინაცვლოთ XlX საუკუნის 60-იან წლებში, როცა არც დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, არც მეფე გვყავს და ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. ასეთ დროს ხსნის მისია ილია ჭავჭავაძეს ეკისრება. ის თავის შემოქმედებაში დაუფარავდ საუბრობს ყველა იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ქართველობა დგას. მათგან უპირველესი სოციალური უსამართლობაა. ,,გლახის ნაამბობში’’ (მართალია, იგი, სამწუხაროდ, სკოლაში აღარ ისწავლება, მაგრამ ყოველთვის ვუთითებ მოსწავლეებს დამატებით საკითხავად) ვხვდებით სტიგმის მსხვერპლ ქალს, თამროს. V საუკუნის დარად XlX საუკუნეში კვლავ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მას დაიცავს. გაბროსა და თამროს შორის გაბროს ბატონი დათიკო დგება. მიუხედავად იმისა, რომ მან იცის ამ ორი ადამიანის სიყვარულის შესახებ, თავს უფლებას აძლევს თამროს ნამუსი ახადოს. გაბრო კი, ნაცვლად მსხვერპლის დაცვისა, ბატონზე შურისძიებას გადაწყვეტს. მსხვერპლის დაცვას ის სოციუმში გაბატონებული აზრის გამოც ვერ ახერხებს, სოციუმში, რომელიც თვლის, რომ გაუპატიურებულ ქალს არა აქვს ბედნიერების უფლება. ამ განწყობას ირეკლავს სწორედ თამროს სიტყვები: ,,მე ის თამრო აღარა ვარ". მსხვერპლი ქალი თვითგანადგურებისაკენ მიიქცევა, გამოსავალს ვერ პოულობს და საროსკიპოში ამოყოფს თავს. გაბროს, მოძღვრისაგან განათლებამიღებულს, სახარებითა და ,,ვეფხისტყაოსნით" განსწავლულს, უნდა შეეფარებინა ყველასაგან განწირული ქალი. ვფიქრობთ, ამიტომაც არ დაუშვა მწერალმა აღსარების შემდგომ იგი ქრისტიანისთვის ყველაზე დიდ სიწმინდეს, ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ზიარებოდა.
არც XX საუკუნის მწერლობა გვიხატავს სახარბიელო სურათს. არც ამ დროს გვაქვს სახელმწიფო. ისევ არ არსებობს მსხვერპლის დამცავი მექანიზმი. მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები" გავიხსენოთ. ამჯერად მარგო იქცევა ფსიქოლოგიური, სექსუალური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლად. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ იგი არაფერს აკეთებს გადარჩენისთვის. გათხოვებამდელი მარგო აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, საქველმოქმედო მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწინების შემდეგ ის უფუნქციო ხდება, არაფერი აინტერესებს საკუთარი კეთილდღეობის გარდა, თუმცა არც მის მოსაპოვებლად იბრძვის. ასეთი განწყობის ქალები უფრო მეტად იზიდავენ მსხვერპლზე მონადირეს. უფუნქციო თეიმურაზს მოძალადე ჯაყო ჩაენაცვლება. ხსნა არსად ჩანს. მწერალი იმითაც ამძაფრებს ცუდის მოლოდინს, რომ პატარა ჯაყო იბადება. ამით გვეუბნება, რომ მოძალადეები მრავლდებიან, შესაბამისად კვლავაც გვეყოლება მსხვერპლი, რომლის დაცვასაც არავინ ისურვებს.
როგორც განხილული ტექსტებიდან ჩანს, ძალადობა ის პრობლემაა, რომლის მოგვარებისთვისაც სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამისათვის მნიშვნელოვანია გადავხედოთ ჩვენს ,,ღირებულებებსა" და ,,ფასეულობებს" , ვუწამლოთ გაუნათლებლობასა და გამეფებულ სიბნელეს, შევქმნათ ჰუმანური გარემო, მაცხოვრის სწავლების შესაბამისად, მეორე ადამიანს მოვექცეთ ისე, როგორც გვინდა მოგვექცნენ ჩვენ. და ბოლოს, უფრო მძლავრად ავამოქმედოთ კანონი, რომელიც მსხვერპლს დაიცავს.
თავიდანვე ვთქვით, რომ დღეს ბევრს საუბრობენ ძალადობაზე. კვლავ ვიმეორებთ: ეს, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მეტი ქმედით ნაბიჯებია სჭირო, მეტი ძალისხმევა - იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით მოტირალი ადამიანები არ გვეგულებოდეს.


გამოყენებული ლიტერატურა:
1.იაკობ ხუცესი, ,,შუშანიკის წამება" , ქართული ენა და ლიტერატურა მე-10 კლასი. თ. ცხადაია, დ. კვანჭიანი, ნ. ღონღაძე, თ. ღონღაძე. ნ. კუცია, ნ. მაღლაკელიძე, თბ., 2012წ.
2.შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსანი", სასკოლო გამოცემა, თბ., 1986წ.
3.ილია ჭავჭავაძე, ,,გლახის ნაამბობი", ქართული პროზის საგანძური, ტ. 4, თბ., 2010წ.
4.მიხეილ ჯავახიშვილი, ,,ჯაყოს ხიზნები", +49, თბ., 2014წ.