ნინო გაბულდანი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
როცა მასწავლებელი პორტფოლიოს შექმნაზე იწყებს ფიქრს, უპირველესად, კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული რა არის პორტფოლიო და რა მიზნით ქმნის მას.
სოფიკო ლობჟანიძის სტატიაში „მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი“ აღნიშნულია: „პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში“.
ვფიქრობ, მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რა მოეთხოვებათ პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით და პორტფოლიოც ამის შესაბამისად შეადგინონ.
შევეცდები, პედაგოგთა საზოგადოებას პორტფოლიოს შექმნის პირადი გამოცდილება გავუზიარო. კერძოდ, როგორ შევქმენი პორტფოლიო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად. პორტფოლიოს შექმნას წინ უძღოდა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში ჩართვა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის სათემო განათლების ცენტრში განხორციელდა პროექტი „გენდერი იწყება ჩემგან“. ამ პროექტის ფარგლებში, დავესწარი ძალიან საინტერესო ტრენინგებს ძალადობის თემაზე. შემდეგ თავადაც ვიმუშავე ტრენერად. ტრენინგებს ვუტარებდი მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
აღნიშნულმა პროექტმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. ფიქრმა იქამდე მიმიყვანა, რომ მენტორის პორტფოლიო ავაგე ძალადობის თემაზე. მინდოდა ბავშვებისთვის, და არამარტო მათთვის, მეჩვენებინა, როგორ აფერხებს ძალადობა განვითარებას. ამის შემდეგ დავიწყე მასალის შეგროვება პორტფოლიოსთვის. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს იმ აქტივობებისა, რომელთაგანაც შედგებოდა ჩემი პორტფოლიო, თან დართული მოკლე განმარტებებით:
1. სტატიები
როცა რამე პრობლემას ვაწყდები, მისი ნამდვილობის შემოწმებას მწერლობით ვცდილობ და დავიწყე ფიქრი მოძალადეებისა და მსხვერპლთა სახეებზე ქართულ მწერლობაში. ასე დაიწერა სტატია „მოძალადე და მსხვერპლი სკოლაში შესასწავლი რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით“, რომელიც ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ დაიბეჭდა (http://mastsavlebeli.ge/?p=4315). პირველსავე ლიტერატურულ ტექსტში გვხვდება ძალადობა ოჯახში. ტექსტებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ძალადობა იყო, არის და იქნება ყველგან და ყოველთვის, მაგრამ როცა გამართული სახელმწიფო არსებობს, თავისი სამართლებრივი ინსტიტუტებით, მსხვერპლის დაცვა შესაძლებელია. ამის ნათელი დასტურია „ვეფხისტყაოსანი“.
შემდეგ გაჩნდა მეორე სტატიის იდეაც. სტატია „ზღაპარ „კომბლეს“ ინტერპრეტაციისათვის“ ისევ ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ დაიბეჭდა (http://mastsavlebeli.ge/?p=10383).
„კომბლე“, ვფიქრობთ, ბავშვთა ადრეულ ასაკში, დაახლოებით ხუთ წლამდე, მოსაყოლი ზღაპარია. ამ პერიოდში აუცილებელია, ბავშვმა დაცულად იგრძნოს თავი, რომ ჩამოუყალიბდეს ის საბაზისო ემოციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ფსიქიკისათვის. გავიხსენოთ მასლოუს თეორია, რომლის მიხედვითაც, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შემდეგ უსაფრთხოება, დაცულობა დგას. „კომბლე“ ბავშვში სწორედ ამ განცდას აძლიერებს. ეს აუცილებელია იმ მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც თვითრეალიზაცია ჰქვია“ (ამონარიდი სტატიიდან).
სტატიებს, მოთხოვნისამებრ, ერთვოდა ორ-ორი რეცენზია, ერთი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და მეორე – პრაქტიკოსი მასწავლებლის.
2. კვლევა
სტატიებს მოჰყვა კვლევა „მოსწავლეების ინფორმირებულობის დონე ბულინგის თემაზე და მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი“ (https://ninogabuldani.blogspot.com/p/blog-page_8.html). კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები ძირითადად ფლობდნენ ინფორმაციას ბულინგზე, მაგრამ როლური თამაშის დროს მოძალადის როლი უკეთ მოირგეს, ვიდრე მსხვერპლის. ჩატარებულმა კვლევამ მოგვცა ინფორმაცია, თუ რა კუთხით უნდა გვემუშავა კონკრეტულად ჯვარის მე-2 საჯარო სკოლაში. როგორც კვლევამ გვაჩვენა, მოსწავლეები საჭიროებდნენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას, როგორებიცაა, მაგალითად, ტრენინგები, საინფორმაციო ბუკლეტებისა და პლაკატების შექმნა, ფსიქოლოგისა და მანდატურების ჩართვით გასვლითი ღონისძიების მოწყობა და ა.შ.
3. სამოდელო გაკვეთილები
ჩვენი საზოგადოება ტოტალიტარული რეჟიმის პირმშოა და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ჯერ კიდევ ბატონობს ავტორიტარული აღზრდის სტილი, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, პიროვნებას კლავს მოზარდში. მე-7 კლასში ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე „ძალადობა ოჯახში, რევაზ ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებლის“ მიხედვით“ შევეცადეთ, მოსწავლეები დაგვეფიქრებინა ამ მეტად პრობლემატურ საკითხზე (იხ. გაკვეთილის გეგმა – http://ninogabuldani.blogspot.com/p/akvetilis-gegma-n4.html). ამ გაკვეთილზევე ვაჩვენეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ზუზუ“. „ჩიტების გამომზამთრებელში“ საბჭოთა პერიოდია წარმოდგენილი, „ზუზუ“ თანამედროვეობას აცოცხლებს. მოსწავლეებმა შეძლეს, ამოეცნოთ „ჩიტების გამომზამთრებელში“ ავტორიტარული აღზრდის სტილი, ხოლო „ზუზუში“ – ავტორიტარულ-ინდიფერენტულის ნაზავი. ვისაუბრეთ დემოკრატიული აღზრდის სტილზეც. მისი იდენტიფიცირება, ჩემი ფარული დაკვირვებით, პირად გამოცდილებასთან ვერც ერთმა ვერ შეძლო. იმედს ვიტოვებ, გაკვეთილი უკვალოდ არ ჩაივლის და მომავალში ჩემი მოსწავლეები თვითონ შეძლებენ, უკეთესი დედები და მამები იყვნენ.
მე-6 კლასში კი, არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“ და რეზო ჭეიშვილის „სურათებიანი წიგნი“ განვიხილეთ –
(იხ. გაკვეთილის გეგმა http://ninogabuldani.blogspot.com/p/n2.html). ეს ტექსტები ბულინგის კლასიკური ილუსტრაციაა. ორივე იმ დროს შეიქმნა, როცა არა თუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ჯერაც არ არსებობდა ბავშვთა უფლებების დეკლარაცია. აღნიშნულ ლიტერატურულ ტექსტებში კარგად ჩანს მოძალადე სახელმწიფო და კიდევ ისიც, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მსხვერპლიცა და მოძალადეც, დიდი ძალისხმევის ფასად, ახერხებენ არსებული ბარიერების გადალახვას. მოსწავლეებმა მსხვერპლის დასაცავად, გაკვეთილის ბოლოს, შექმნეს პლაკატები. მიზანი ამ აქტივობის ის გახლდათ, რომ მათ ესწავლათ დაჩაგრულის გვერდით დგომა, მისი გამოქომაგება და დაცვა.
მე-11 კლასში ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე, ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურისა“ და ოთარ ჭილაძის პოემის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ გამოყენებით (იხ. გაკვეთილის გეგმა — http://ninogabuldani.blogspot.com/p/gakvetilis-gegma.html), უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთობის პრობლემასაც შევეხეთ. როდის იჩენს ის თავს? მაშინ, როცა მიმღებლობა აკლია საზოგადოებას, სიახლეს ალღოს ვერ უღებს. ასეთ შემთხვევაში, უმცირესობაში მოხვედრილთ უწევთ მსხვერპლის გაღება, მაგრამ შატილი მაინც კლდის ცით დახურული რჩება.
უკვე ძალადობის რამდენიმე სახეს შევეხეთ. ვფიქრობთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებაზე ძალადობის თემაც. სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ტყეები, მდინარეები, ტბები… ამ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლებას. ის დაგვეხმარება გარემოსადმი მოსწავლეთა ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და მისი დაცვისა და აღდგენის პროცესში პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.
ჩვენმა შვილებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ მცენარის ერთი სახეობის გაქრობაც კი ეკოსისტემის ერთიანობას ანგრევს, დედამიწას აღარიბებს. „ხევი მთას ჰმონებს, მთა – ხევსა, წყალნი – ტყეს, ტყენი – მდინარეთ, ყვავილნი – მიწას და მიწა – თავის აღზრდილთა მცენარეთ და მე ხომ ყველას მონა ვარ პირზედ ოფლგადმომდინარე“ – აი, როგორია ვაჟას მიერ წარმოდგენილი ეკოსისტემა. აქ ყველა ერთმანეთს სიყვარულით ემონება. მე-6 კლასში ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე მისი „ია“ და „მთის წყარო“ განვიხილეთ (იხ. გაკვეთილის გეგმა – http://ninogabuldani.blogspot.com/p/blog-page_11.html). ბავშვებმა დაინახეს, რომ ადამიანს აკლია მადლიერების განცდა. ის მხოლოდ მომხმარებელია. არა აქვს ბუნების სიყვარული და მისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება, არადა ღმერთმა „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა“. უთვალავი ფერით შექმნილი სამყაროს მიყურადების ნიჭი აკლია თანამედროვე ადამიანს. ის ბუნებასთან ჰარმონიულად კი არ თანაარსებობს, ძალადობს მასზე და, სამწუხაროდ, შედეგიც არ დააყოვნებს!
წარმოდგენილ აქტივობებს ერთვოდა ძალადობის თემაზე გავლილი ტრენინგების ჩამონათვალი.
ზემოთ წარმოდგენილი ყველა აქტივობა ატვირთული იყო eschool-ში, რომლის განხილვის შემდეგაც მომენიჭა მენტორის წოდება.
ძველი სქემის მიხედვით კრედიტების დათვლას ამ საგაზეთო წერილში მოვერიდები. მალე, ალბათ, პორტფოლიოს ახალ სტანდარტს შემოგვთავაზებენ. მე შევეცადე პირადი გამოცდილება გამეზიარებინა. მოხარული ვიქნები, თუ ვინმეს გამოადგება. აქვე მივუთითებ ჩემი ბლოგის მისამართსაც http://ninogabuldani.blogspot.com. ბლოგიც თავისებური პორტფოლიოა და გვეხმარება ჩვენი შესრულებული სამუშაოს ორგანიზებაში.